ქართული ოცნების დეპუტატი, რატი იონათამიშვილი ამბობს, რომ წალენჯიხის მერი "პოლიტიკურად უინტერესო პიროვნებაა", ამიტომ მისი მანქანის მიზანმიმართულ დაწვაზე საუბარი, სპეკულაციაა. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან პარლამენტში განაცხადა.
"თუ ვინმე არის პოლიტიკურად უინტერესო, რა საკვირველია, ეს არის ეს პიროვნება [გია ხარჩილავა]. ამიტომ ნებისმიერი სახის პოლიტიკურ ინტერესსა და შურისძიებაზე საუბარი ძალიან უხერხულია, საზოგადოებასაც შესაბამისი რეაქცია ექნება. რაც შეეხება თვითონ ფაქტს, რა თქმა უნდა, ამას დაადგენს შესაბამისი უწყება. ამ თემაზე პოლიტიკური სპეკულირება, თან იმ პოლიტიკური პარტიისგან, რომელიც სპეკულირებით არის სახელგანთქმული, ცხადია არავის გვიკვირს, მაგრამ გააგრძელონ ასე. სპეკულირებით სადამდე მივიდნენ და სადამდე მიიყვანეს საკუთარი თავი და პარტია, ამას ჩვენი საზოგადოება და მათი ამომრჩეველი ძალიან კარგად ხედავს", - თქვა იონათამიშვილმა.
წალენჯიხის მერის, გია ხარჩილავას მანქანა დაიწვა. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა - მერს მანქანა სახლის წინ ჰყავდა გაჩერებული. წალენჯიხა ერთადერთი ქალაქია, რომლის მერიც ოპოზიციური პარტიიდან არის.
გია ხარჩილავა ამბობს, რომ ავტომობილი ტექნიკურად სრულად გამართული იყო და ვარაუდობს, რომ ცეცხლის გაჩენაში ადამიანის ხელი ურევია. იგი ვარაუდობს, რომ შემთხვევა მის პოლიტიკურ საქმიანობას უკავშირდება.